გამართული შიდა კონტროლის სისტემა ეფექტური თვითმმართველობისათვის - შემაჯამებელი ღონისძიება

გამართული შიდა კონტროლის სისტემა ეფექტური თვითმმართველობისათვის - შემაჯამებელი ღონისძიება
თარიღი :
თარიღი :

24 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრი) ორგანიზებითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ გაიმართა კონფერენცია „გამართული შიდა კონტროლის სისტემა ეფექტური თვითმმართველობისათვის“, რომელიც მუნიციპალურ დონეზე სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის ინსტიტუციური მდგრადობისა და საჯარო ფინანსების ეფექტიანი გამოყენების საკითხებს მიეძღვნა.

ღონისძიება გახსნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ, რომელმაც თვითმმართველობისთვის გამართული შიდა კონტროლის სისტემის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საჯარო ფინანსების ეფექტური მართვისა და „კარგი მმართველობის პრინციპების” დამკვიდრების მიზნით, ქვეყნის საჯარო სექტორში 2010 წლიდან მიმდინარეობს სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმა, რომლის განხორციელებაც ხელს უწყობს შიდა კონტროლის ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების გამართულ, მენეჯერულ ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებულ ფუნქციონირებას და შესაბამისად, საბიუჯეტო სახსრების მეტად მიზნობრივ, ეკონომიურ, ეფექტიან და პროდუქტიულ გამოყენებას. შემაჯამებელ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ყველა მუნიციპალიტეტის მერმა და შიდა აუდიტის ხელმძღვანელმა.

შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის მაკოორდინირებელ ორგანოს წარმოადგენს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი (ჰარმონიზაციის ცენტრი).

2018 წელს, ჰარმონიზაციის ცენტრის ორგანიზებით, „გამართული შიდა კონტროლის სისტემა ეფექტური თვითმმართველობისათვის“ პროექტის ფარგლებში, USAID-ის პროექტის „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში (GGI)“ მხარდაჭერით განხორციელდა ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის შეფასება 8 მუნიციპალურ ერთეულში (ახალციხე, ბათუმი, ზუგდიდი, გორი, ქუთაისი, მცხეთა, რუსთავი, თელავი).

ამასთან, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ-ის მხარდაჭერით განხორციელდა სამი სისტემური აუდიტის პილოტური პროექტი ზუგდიდის, თელავისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში, ასევე, ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით, გადამზადდა 160-მდე შიდა აუდიტორი და მოხდა აღნიშნული მუნიციპალიტეტების მერებთან და მერიის სამსახურის ხელმძღვანელებთან ცნობიერების ამაღლების მიზნით სამუშაო შეხვედრები. პროექტი გრძელდება 2019 წელსაც და მიზნად ისახავს მუნიციპალურ ერთეულებში თანამედროვე მენეჯერული სისტემების ჩამოყალიბებაში ხელშეწყობას.