ქალაქ რუსთავში, სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის ინიცირებით საფუძველი ჩაეყარა სამუშაო-პრაქტიკული შეხვედრების ახალ ფორმატს „დაძმობილებას“ (TWINNING). პირველი შეხვედრა ჩატარდა ქვემო ქართლის რეგიონის შიდა აუდიტორებთან.
ახალი ფორმატის მიზანს წარმოადგენს ეროვნულ დონეზე, ქვეყნის შიგნით დაგროვილი საუკეთესო პრაქტიკისა და პროფესიული გამოცდილების კოლეგიალური გაზიარება, შიდა აუდიტის ინსტიტუციური მდგრადობის გაძლიერება და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის განმტკიცება.
შეხვედრა გახსნა სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირმა გელანტია-ახვლედიანმა. მან ხაზი გაუსვა ეფექტიანობის აუდიტის აუცილებლობას და მის გავლენას მუნიციპალური პროგრამების შედეგებზე. ამასთან, მონაწილეებს გააცნო ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის მიმდინარეობა და გამოწვევები მერიებში.
შეხვედრის ფარგლებში, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის წარმომადგენლებმა — თამაზ ჯვარიძემ და ლელა წიკლაურმა, მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტორებს გაუზიარეს შიდა აუდიტის ფუნქციის განხორციელების საუკეთესო პრაქტიკა, ეფექტიანობის აუდიტის დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება, მათ შორის, შიდა აუდიტის სტრუქტურული მოწყობა, მენეჯმენტთან და საკრებულოსთან კომუნიკაციის მექანიზმები, აუდიტის ობიექტების შერჩევის კრიტერიუმები და რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი შალვა კიკნაძე, რუსთავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების შიდა აუდიტის წარმომადგენლები.
სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი გააგრძელებს ზემოაღნიშნულ პრაქტიკულ სამუშაო ფორმატს დანარჩენ რეგიონებშიც ქვეყნის მასშტაბით, რაც ხელს შეუწყობს კოლეგიალური პრაქტიკის გაზიარებით შიდა აუდიტის ფუნქციის გაუმჯობესებას.
აღნიშნული სამუშაო-პრაქტიკული შეხვედრა წარმოადგენს „დაძმობილების“(TWINNING) პროექტის ნაწილს, რომელიც გათვალისწინებულია 2025–2028 წლების „სახელმწიფო შიდა კონტროლის სისტემის განვითარების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში“.
უკან დაბრუნება