საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის - ჰარმონიზაციის ცენტრისა და საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლობითა და გერმანიის საერთშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ-ის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 18 დეკემბერს თბილისში გაიმართა კონფერენცია თემაზე - „ანტიკორუფციული გარემოს ხელშეწყობა რისკების შეფასებისა და პრევენციული ღონისძიების გაძლიერებით“
მისასალმებელი სიტყვით შეხვედრა გახსნეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილემ თამთა კაჭკაჭიშვილმა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან რაზმაძემ, რომელბმაც საზოგადოებას გაუზიარა ინფორმაცია, ანტიკორუფციული მიმართულებით საკუთარ უწყებებში განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე და აღნიშნულის შედეგად საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მიღებული დადებითი შეფასებების შესახებ.
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველმა მოადგილემ, თამთა კაჭკაჭიშვილმა, თავის პრეზენტაციაში ვრცლად ისაუბრა რისკების შეფასებისა და მართვის მნიშვნელობაზე ატიკორუფციული ღონისძიებების წარმატებით გატარების მიმართულებით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა კონტროლის დეპარტამენტის - ჰარმონიზაციის ცენტრის ხელმძღვანელმა, გიული ჭკუასელმა თავის პრეზენტაციაში ისაუბრა ანგარიშვალდებულების მნიშვნელობაზე თანამედროვე საჯარო მმართველობაში, რომლის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია საჯარო დაწესებულებებში რისკის მართვის სისტემების დანერგვა და ხაზი გაუსვა აღნიშნული მიმართულებით საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებულ ვალდებულებას.
კონფერენციის მსვლელობისას რისკის შეფასებისა და მართვის მიმართულებით განხორცილებული აქტივიბების შესახებ, ასევე ისაუბრეს სახელმწიფო აუდიტის თვითმმართველი ერთეულების აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის ერთეულისა და რისკების მართვის სამსახურის ხელმძღვანელებმა.