მიმდინარე წლის 20 დეკემბერს მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჩართულობით გაიმართა სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) 2022 წლის შეფასების ოფიციალური პრეზენტაცია.
2022 წლის სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) გლობალური ანგარიშის მიხედვით, PEFA-ს შეფასებით, საჯარო ფინანსების მართვის მუდმივი გაუმჯობესებით საქართველო პირველ ადგილზეა 59 ქვეყანას შორის.
სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) შეფასების შედეგების მიხედვით, წარმოდგენილი 31 ინდიკატორიდან 27 გაუმჯობესდა ან შენარჩუნდა 2018 წლის შეფასებასთან შედარებით.
სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) შეფასების შედეგების მიხედვით, P-26-შიდა აუდიტი-ინდიკატორის მიხედვით, 2018 წლის შეფასებასთან (ქულა B+) მიმართებით, მიმდინარე შეფასება გაუმჯობესებულია და მინიჭებულია შეფასება A, რაც PEFA-ს მეთოდოლოგიის მიხედვით უმაღლეს შეფასებას წარმოადგენს.
აღნიშნული შეფასება განხორციელებულია ცენტრალური ხელისუფლების დონისთვის, რაც როგორც ჰარმონიზაციის ცენტრის, ასევე ცენტრალურ დონეზე ჩამოყალიბებული შიდა აუდიტის ერთეულების ერთიან წარმატებას წარმოადგენს.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი, ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი კატალინ გერმანი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი თამარ ვაშაკიძე, ამასთან, შეხვედრაზე დასასწრებად მოწვეული იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიული ჭკუასელი, და ასევე სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო პარტნიორების, და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.