საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და OECD/SIGMA-ს მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საჯარო სექტორში პირველად იწყება შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამა, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს აკადემია განახორციელებს. პროგრამა მიზნად ისახავს, ქვეყნის მასშტაბით, შიდა აუდიტის საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებთან მეტად მიახლოვებას, შიდა აუდიტორთა კვალიფიკაციის ამაღლების გზით.
შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამა შემუშავებულია ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის - ჰარმონიზაციის ცენტრისა და OECD-SIGMA-ს მრავალწლიანი თანამშრომლობის საფუძველზე, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით. სერტიფიცირების მოდულები მოიცავს შიდა აუდიტორთათვის უმნიშვნელოვანეს მიმართულებებს, რომლებიც ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება საქართველოს საჯარო სექტორში, მათ შორის ეფექტიანობის აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი, ასევე ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამის დანერგვის მიდგომები და საუკეთესო პრაქტიკები.
შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამა განხორციელდება ჰარმონიზაციის ცენტრის მჭიდრო პარტნიორის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ, მისი აქტიური ჩართულობით და მხარდაჭერით. მიმდინარე წელს სერტიფიცირების პროგრამის პილოტური ჯგუფის პირველი მონაწილეები იქნებიან მუნიციპალიტეტის მერიების შიდა აუდიტორები. პროგრამის დაწყება შესაძლებელი გახდა ჰარმონიზაციის ცენტრის მუდმივი და ერთგული პარტნიორის: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის მხარდაჭერის შედეგად „კარგი ფინანსური მმართველობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“.
სერტიფიცირების პროგრამა მოიცავს 4 მოდულს - შესაბამისი 4 გამოცდით და პრაქტიკის დადასტურებას. პროგრამა რეგულირდება საქართველოს კანონით „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ და ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. ასევე, შექმნილია „შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პოგრამის შემუშავების სამუშაო ჯგუფი“, რომლის წევრებიც არის საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი, საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი და სხვა მნიშვნელოვანი პირები, ვისი მხარდაჭერაც არის საჭირო პროგრამის შედეგიანად განსახორციელებლად.
შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის დანერგვის შედეგად, საქართველოს საჯარო სექტორში გაიზრდება მაღალკვალიფიციური შიდა აუდიტორების რაოდენობა, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს შესაბამისი დაწესებულებებისთვის დამატებითი ღირებულების ზრდას, საჯარო ფინანსების მეტად ეფექტურად და ეფექტიანად მართვის ხელშეწყობის გზით.