მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№3574-XIIIმს-Xმპ).
კანონში ცვლილების შეტანა განპირობებული იყო შიდა აუდიტის მარეგულირებელი ჩარჩოს საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან ჰარმონიზების აუცილებლობით. მიღებული ცვლილებები მეტწილად ეხება სწორედ შიდა აუდიტის მარეგულირებელ ნორმებს.
კანონში შესული ცვლილებებით განიმარტა შიდა აუდიტორული საქმიანობის ორი მნიშვნელოვანი მიმართულება: მარწმუნებელი საქმიანობა და საკონსულტაციო საქმიანობა. შედეგად, დღეს მოქმედი კანონის თანახმად მარწმუნებელი საქმიანობა არის დამოუკიდებელი შეფასების მომზადების მიზნით დაწესებულების მმართველობის, რისკის მართვისა და კონტროლის პროცესების თაობაზე არსებული აუდიტორული მტკიცებულებების ობიექტური ანალიზი, ხოლო საკონსულტაციო საქმიანობა კონსულტაციის ობიექტისთვის რჩევის, რეკომენდაციის მიცემასთან ან ობიექტის მხარდაჭერასთან დაკავშირებული სხვა მსგავსი მომსახურება, მათ შორის ტრენინგი ან/და ფასილიტაცია, რომლის შინაარსი და მასშტაბი თანხმდება ობიექტთან და რომელიც მიზნად ისახავს დაწესებულების მმართველობის, რისკის მართვისა და კონტროლის პროცესების გაუმჯობესებას შიდა აუდიტორის მიერ მენეჯერული პასუხისმგებლობის აღების გარეშე.
ცვლილებებით დაკონკრეტდა შიდა აუდიტის სტანდარტი, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული შიდა აუდიტის სუბიექტების მიერ. ამ ნაწილში ცალსახად გაესვა ხაზი, რომ საქართველოს შიდა აუდიტის სუბიექტებმა საქმიანობისას კანონმდებლობასთან ერთად, უნდა იხელმძღვანელონ შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის (IIA) მიერ შემუშავებული შიდა აუდიტის სტანდარტებით.
კანონში აისახა შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამისა და შიდა აუდიტორის უწყვეტი პროფესიული განვითარების საკითხები. შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამა წარმოადგენს შიდა აუდიტის საქმიანობის ეფექტიანობის, პროდუქტიულობისა და სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასებას. უწყვეტი პროფესიული განვითარების თვალსაზრისით, კანონმდებლობა ერთი მხრივ, შიდა აუდიტორებს ავალდებულებს შეთავაზებულ პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობით განივითარონ პროფესიული შესაძლებლობები, ხოლო მეორე მხრივ, დაწესებულებებს აკისრებს პასუხისმგებლობას ხელი შეუწყონ შიდა აუდიტორებს, მონაწილეობა მიიღონ უწყვეტი პროფესიული განვითარების ღონისძიებებში.
ამასთან, მნიშნელოვანია აღნიშნოს, რომ უკვე კანონი არეგულირებს შიდა აუდიტორთა სერტიფიცირებას, რომლის დანერგვაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრი) კომპეტენციას განეკუთვნება. წინამდებარე კანონპროექტით გათალისწინებული იყო ფინანსთა მინისტრის პასუხისმგებლობა გამოეცა ნორმატიული აქტი საჯარო სექტორის შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ. დღესიათვის აღნიშნული რეგულაციაც ამოქმედებულია და იგი მიზნად ისახავს საჯარო სექტორის შიდა აუდიტორთა სასერტიფიკატო გამოცდაზე დაშვების, გამოცდის ჩატარების და შეფასების, ასევე, სერტიფიკატის გაცემის და სერტიფიკატის მოქმედების, შენარჩუნების, შეჩერების და ჩამორთმევის პირობების განსაზღვრას. დებულება განმარტავს სერტიფიცირების პროგრამის სტრუქტურას, შინაარსს და განხორციელების პროცედურას, მათ შორის, ისეთ საკითხებს, როგორიცაა შიდა აუდიტორების მიერ სამუშაო პრაქტიკის დადასტურება, გამოცდების შედეგების შეფასება და გასაჩივრება. ამასთან, დებულება მკაფიოდ განსაზღვრავს სერტიფიცირების პროცესში ჩართული თითოეული მხარის კომპეტენციებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს მაქსიმალური კოორდინაცია.